მიოკარდიუმის ინფარქტი

2021-11-02

                                                                                                     მიოკარდიუმის ინფარქტი

გულსისხლძარღვთა დაავდებები, გავრცელების, ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილობის მხრივ დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 გულსისხლძარღვთა დაავადებების ერთერთი ყველაზე საშიში გამოვლინება მიოკარდიუმის ინფარქტია. "მიო" კუნთს ნიშნავს, "კარდიო" - გულს, ხოლო "ინფარქტი" არის ქსოვილის კვდომა ჟანგბადის ნაკლებობის გამო.ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. გულის კუნთს, სისხლით კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიები ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში რაიმე მიზეზით სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი ან სხვადასხვა სახის დისკომფორტი გულის არეში. თუ ეს მდგომარეობა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, ჟანგბადის მწვავე ნაკლებობის გამო, გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. თუ გულის კუნთის სისხლით მომარაგება დროულად აღდგა, დაზიანება (ინფარქტის ზომა) შესაძლოა მინიმალური იყოს ან საერთოდ ავიცილოთ თავიდან.–

გამომწვევი მიზეზები:

  • მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზი  უმეტესად ათეროსკლეროზია.

  • მისი სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია:                                                                                                                    

  • მაღალი არტერიული წნევა;                                                                                                       

  • სიმსუქნე;                                                                                                                                    

  • უმოძრაობა;                                                                                                                                    

  • შაქრიანი დიაბეტი;                                                                                                                                              

  • თამბაქოს მოხმარება;                                                                                                                              

  • სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა;                                                                                       

  •  სტრესი;                                                                                                                                      

  • გენეტიკური ფაქტორი.

ორი ან მეტი რისკფაქტორის თანხვედრისას სტენოკარდიული შეტევისა და ინფარქტის განვითარების ალბათობა.იზრდება.

 რა სიმპტომებით ვლინდება?

მიოკარდიუმის ინფარქტისთვის დამახასიათებელია მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან ან გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რომელიც ირადირებს მარცხენა ბეჭში, ზურგში, მარცხენა ზემო კიდურში (შასაძლოა მარჯვენა ზემო კიდურშიც), კისერში, ქვედა ყბაში.                                                                   

 მიოკარდიუმის ინფარქტი შესაძლოა გამოვლინდეს ატიპიურად:                                               

  1.  აბდომინური ფორმა, ამ დროს ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, პაციენტი უჩივის სლოკინს, მუცლის შებერილობას, გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას.
  2. ასთმური ფორმა ვითარდება მზარდი სულხუთვა და ქოშინი.                                               
  3. ცერებრული ფორმა: პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და ნევროლოგიური სიმპტომები.

არსებობს ინფარქტის უმტკივნეულო ფორმებიც, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მოხუცებში, უმთავრესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რომელთაც შაქრიანი დიაბეტის გამო გულის კუნთის ქსოვილში მგრძნობელობა აქვთ დარღვეული.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს განვითარებულ ტკივილი ხანგრძლივი, ძლიერი და ინტენსიურია. თან ახლავს სიკვდილის შიში. უნდა გვახსოვდეს, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის ერთბაშად და ელვისებურად არ იწყება. ზოგჯერ მას წინ უძღვის ხანგრძლივი სტენოკარდიული ტკივილები, რომლებიც თანდათანობით ძლიერდება, უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და ბოლოს ინფარქტით სრულდება. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ვითარდება რიგი გართულებები: რითმის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, ჰემოდინამიკური არასტაბილურობა.

როგორ ვმკურნალობთ?
მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის შემთხვევაში სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ამ დროს თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, დროულად დასმულ დიაგნოზზე და შესაბამის მკურნალობაზეა დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიაგნოსტიკა ხდება პაციენტის ჩივილების და ანამნეზის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია: 12 განხრიანი ეკგ, ექოკარდიოგრაფია, გულის სპეციფიური მარკერების (ტროპონინ I და კრეატინფოსფოკინაზას M MB   B ფრაქციის განსაზღვრა),

კომპლექსური მედიკამენტოზური მკურნალობის მიზანია იშემიის შემცირება და მძიმე გამოსავლის პრევენცია. ასეთი მიდგომა მოიცავს: ანტიიშემიურ, ანტიაგრეგაციულ, ანტიკოაგულაციურ და ანტიანგინალურ თერაპიას. აუცილებელ პირობას წარმოადგენს პაციენტის ფსიქო-ემოციონალური სიმშვიდის უზრუნველყოფა. პაციენტს სათანადო მომზადების შემდეგ უტარდება კორონაროგრაფია. გულის მკვებავი სისხლძარღვების დათვარიელების პარარელურად მას სამკურნალო დანიშნულებაც გააჩნია, ხდება ინფარქტდამოკიდებული სისხლძარღვის ინტერვენცია- სისხლმომარაგების აღდგენა. კორონარული ანგიოპლასტიკა (ბალონირება, სტენტირება) ან აორტო-კორონარული შუნტირება.
მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ პაციენტები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, უნდა შეცვალონ ცხოვრების წესი, საჭიროა სწორი კვება, ცხოველური ცხიმების შეზღუდვა და მუდმივად მედიკამენტების მიღება.

მიოკარდიუმის  ინფარქტის  პირველადი პროფილაქტიკა:

  • მოწევის გამორიცხვა;
  • ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტა;
  • ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა;
  • სტრესისგან თავის დაცვა;
  •  თანხმლები დაავადებების (არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია,შაქრიანი დიაბეტი)

 

წლების წინ  მიოკარდიუმის ინფარქტი ხშირად სრულდებოდა სიკვდილით. დღეს, მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდებისა და გულის შეტევის სიმპტომთა მნიშვნელობის განმარტების წყალობით, პაციენტთა უმრავლესობა გულის შეტევის შემდეგ სიცოცხლეს ინარჩუნებს.

                                                                                           გისურვებთ ჯანმრთელობას.

                                                                                                                       ნანა კიკნაძე - კარდიოლოგი