რა უნდა ვიცოდეთ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების შესახებ

2020-05-28

▪ ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში,ისევე როგორც საქართველოში  შეინიშნება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების ზრდა ახალგაზრდა ასაკის ქალებში. საბედნიეროდ, ის განეკუთვნება ისეთ დაავადებათა  რიცხვს, რომელიც ექვემდებარება პრევენციას,ამიტომ, ძალზედ აქტუალურია საშვილოსნოს ყელის  კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების თანამედროვე დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა,რაც თითქმის ყველა შემთხვევაში აგვაცილებს კიბოს განვითარებას.

▪ საშვილოსნოს ყელის  პათოლოგიათა 99% დაკავშირებულია ადამიანის პაპილომავირუსულ ინფექციასთან (HPV), რომელიც მიეკუთვნება ასიმტომურ, სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე უფრო გავრცელებულ ინფექციებს.  არსებობს აგრეთვე დაავადების განვითარების სხვა რისკ-ფაქტორები, როგორიცაა  ნიკოტინის მოხმარება, ჰორმონალური კონტრაცეფციის ხანგრძლივი გამოყენება, გენიტალური ინფექციები, სქესობრივი ცხოვრების დაწყების მცირე ასაკი, ხშირი აბორტები და სიცოცხლის განმავლობაში ქალთან კავშირში მყოფი მამაკაცის სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა.

▪ ამჟამად  საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების  დროული გამოვლენის  და კიბოს პრევენციის მიზნით  მიმართავენ გამოკვლევის შემდეგ მეთოდებს: საშვილოსნოს ყელის  ვიზუალურ დათვალიერებას სარკეებით, ეპითელიუმის ციტოლოგიურ გამოკვლევას ( PAP ტესტირებას), Hr-HPV  დნმ ტესტირებას  (მაღალი რისკის პაპილომავირუსის ტიპირება),  კოლპოსკოპიას და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიას  საეჭვო უბნიდან შესაბამისი ჰისტომორფოლოგიური კვლევით.პრევენციის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ვაქცინაციაც,მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,რომ  ვაქცინა იცავს მხოლოდ რამოდენიმე Hr-HPV ტიპისგან, რის გამოც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების  რისკი მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს.

⚠ ამჟამად იდენტიფიცირებულია პაპილომავირუსის 100-მდე ტიპი, მათ შორის ანსხვავებენ დაბალი რისკის ტიპებს:HPV 6,11,42,43,44  და სხვა რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ განიტალური კონდილომების და დაბალი ხარისხის დაზიანების განვითარება და მაღალი რისკის 13 ტიპს:HPV 16, 18, 31, 33,35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68. მათი ხანგრძლივი პერსისტენციის დროს შესაძლებელია განვითარდეს დაბალი და მაღალი ხარისხის დაზიანება და საშვილოსნოს ყელის კიბო.

▪        კოლპოსკოპია ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების პარალელურად გვაძლევს პათოლოგიური პროცესის არსის უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის შესაძლებლობას, რადგან ამ დროს ხდება საშვილოსნოს ყელის  და საშოს ეპითელიუმის შეფასება,დაზიანებული უბნის გამოვლენა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანობაზე საეჭვო ცვლილებების დიფერენციაცია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიის მიზნობრივი აღება შემდგომი ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის  სპეციალური ხელსაწყოთი-კოლპოსკოპით, რომლის ოპტიკურ სისტემასაც შეუძლია 7-35-ჯერ გადიდებული გამოსახულების მიღება.

 

მკურნალობის მეთოდები

▪ კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე დაავადეების მკურნალობის მეთოდებია: საშვილოსნოს ყელის ექსციზიური(ამოკვეთა) მკურნალობა, ელექტროკოაგულაცია,  კრიოდესტრუქცია, აგრეთვე პოლიპებისა და გენიტალური მეჭეჭების მოცილება  ექსციზიური ან დესტრუქციული მეთოდებით,ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში  საჭიროა მხოლოდ დაკვირვება,რადგან  HPV-ინფექცია ხასიათდება, როგორც შეძენის, ისე სპონტანური განკურნების საკმაოდ მაღალი ალბათობით.

 

▪ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პაპ-ტესტი და კოლპოსკოპიური კვლევა უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი კავშირის დაწყებიდან 6 თვეში,   შემდეგ კი ყოველწლიურად, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჩივილები საშვილოსნოს ყელის ასიმპტომურადდ მიმდინარე პათოლოგიების დროული აღმოჩენის და მკურნალობის მიზნით.

 

                                                                                 ნანა გორგილაძე - გინეკოლოგი