რა არის ინფექციური მონონუკლეოზი?

2021-04-19

ინფექციური მონონუკლეოზი-იგივე ფილატოვის დაავადება, პფაიფერის დაავადება, ჯირკვლოვანი ცხელება, სუბლეიკემიური ლეიკოციტოზი, კეთილთვისებიანი ლეიკემია, ლიმფომონოციტური ანგინა და სხვა - ეპშტეინ-ბარის ვირუსით(EBV) გამოწვეული პირველადი ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს:

  • 👉ცხელება,
  • 👉ინტოქსიკაცია,
  • 👉ტონზილიტი,
  • 👉ელენთის, ღვიძლისა და ლიმფური კვანძების გადიდება,
  • 👉პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების არსებობა.
👉EBV, სხვა ჰერპესვირუსების მსგავსად, ორგანიზმში ხანგრძლივად პერსისტირებს და შესაძლოა მიიღოს როგორც ქრონიკული, ასევე ლატენტური ფორმა პერიოდული გამწვავებით.
EBV მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. ვირუსით ინფიცირებულია ზრდასრული მოსახლეობის90-95%.
ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი.
ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი, კონტაქტური, ალიმენტური, ტრანსფუზიული, სქესობრივი, იშვიათად- ვერტიკალური და ორგანოთა ტრანსპლანტაციის გზით. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია გადაცემის კონტაქტური გზა. ინფექციური მონონუკლეოზის ერთ-ერთი სახელწოდება, "კოცნის დაავადება", ინფექციის გადაცემის ყველაზე გავრცელებულ გზაზე მიუთითებს.
                               სიმპტომები და მიმდინარეობა
გამოვლინების მიხედვით, განასხვავებენ ინფექციური მონონუკლეოზის შემდეგ ფორმებს:
  • კლინიკური ნიშნების მიხედვით - ტიპურს, ატიპურსა და სუბკლინიკურს;
  • სიმძიმის მიხედვით - მსუბუქს, საშუალო სიმძიმისას და მძიმეს;
  • მიმდინარეობის მიხედვით - მწვავეს და ქრონიკულს.
 
                        ინფექციური მონონუკლეოზის ტიპური ფორმა
ინკუბაციური პერიოდი, რომელიც ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში, 4-დან 18-დღემდე, იშვიათად- 8 კვირამდე მერყეობს. დაავადების ტიპური ფორმა იწყება მწვავედ, ერთბაშად, ან პროდრომული ნიშნებით - შემცივნებით, ოფლიანობით, მოუსვენრობით, თავის ტკივილით, მიალგიით(კუნთების ტკივილი), უგუნებობითა და უმადობით. პროდრომული ნიშნები შესაძლოა1-2 კვირა გაგრძელდეს, შემდეგ კი თავს იჩენს ინფექციური მონონუკლეოზისათვის დამახასიათებელი ტრიადა: ცხელება, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება.
🌡ცხელება პაციენტთა 90%-ს აღენიშნება და 10-14 დღე გრძელდება. საღამოს საათებში ტემპერატურა ყველაზე მაღალია (38-390C). შესაძლოა განვითარდეს სხვაგვარი სურათიც: ტემპერატურა სუბფებრილური იყოს და მთელ თვესაც გასტანოს.
ტონზილიტი- დაავადების ერთ-ერთი პათოგნომური ნიშანია. ცხვირ-ხახის ნუშურების გადიდების გამო ცხვირით სუნთქვა ჭირს, აღინიშნება სტრიდორი- პირღია, ხმაურიანი სუნთქვა- და ცხვირის ტემბრით ლაპარაკი.
მნიშვნელოვანია, რომ მონონუკლეოზურ ტონზილიტთან ერთად შესაძლოა განვითარდეს სტრეპტოკოკული წარმოშობის ფარინგიტი.
პოლილიმფადენოპათია -ინფექციური მონონუკლეოზის მუდმივი კლინიკური ნიშანია. ლიმფური კვანძები ზოგჯერ მთელ სხეულზე დიდდება(გენერალიზებული ლიმფადენოპათია), ზოგჯერ კი ერთი ან ორი ადგილის(მაგალითად, კისრისა და იღლიის, კისრისა და საზარდულის არის) ლიმფადენოპათიით შემოიფარგლება. გენერალიზებული ლიმფადენოპათიის დროს მეზენტერული ლიმფური კვანძებიც დიდდება, რის გამოც ავადმყოფს ეწყება მუცლის ტკივილი, ზოგჯერ კი მუცლის ფარის გაღიზიანების გამო გულისრევა და ღებინებაც.
ინფექციური მონონუკლეოზის დროს ღვიძლი გადიდებულია, რბილია, შეხებისას უმტკივნეულო. მონონუკლეოზური ჰეპატიტი უმეტესად უსიყვითლო ფორმით მიმდინარეობს, იშვიათად კი ღვიძლის გადიდებას თან სდევს სიყვითლეც.
ელენთის გადიდება ინფექციური მონონუკლეოზის ერთ-ერთი კარდინალური ნიშანია. იგი ვლინდება დაავადების მე-2-3 დღიდან და იშვიათად მძიმე გართულებით- ელენთის გახეთქვით- მთავრდება. ელენთის ზომა მე-3-4 კვირიდან უბრუნდება ნორმას.
გამონაყარი ავადმყოფთა 5%-ს აღენიშნება. ის სხვადასხვა ფორმისაა- ლაქოვანი, კვანძოვანი, პეტექიური(წინწკლოვანი სისხლჩაქცევები), ქუნთრუშასებრი, მულტიფორმული ერითემა, ურტიკარია(ჭინჭრის ციება) - და, წესისამებრ, ტანსა და კიდურებზეა ლოკალიზებული.
ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან დამახასიათებელია- ლეიკოციტოზი პერიფერიულ სისხლში. იშვიათად დაავადების პირველ-მეორე დღეს გამოხატულია ლეიკოპენია, ლეიკოციტოზი კი მე-5-6 დღიდან ვლინდება. ასევე ვლინდება ატიპური მონონუკლეარები და პლაზმური უჯრედები.
                                     ქრონიკული ფორმა
EBV ებშტეინ-ბარის ვირუსით პირველადი ინფიცირების შემთხვევაში განვითარებული კლინიკური ნიშნები4 თვემდე იშვიათად გრძელდება. თუ დაავადება6 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ყალიბდება მონონუკლეოზის ქრონიკული ფორმა. მისთვის დამახასიათებელია
  • ასთენოვეგეტატიური სინდრომი(უძლურება, დაღლილობა, დეპრესია),
  • გახანგრძლივებული სუბფებრილური ტემპერატურა პერიოდული მატებით,
  • მორეციდივე ფარინგიტი, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა
  • ფერდქვეშ, მეტეორიზმი, ანორექსია, ართრალგია, მიალგია.
  • ობიექტური  ნიშნებიდან გამოხატულია პოლილიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია. ცვლილებებია სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში. პერიფერიულ სისხლში იმატებს ატიპური მონონუკლეარებისა და ჰეტეროფილური ანტისხეულების რაოდენობა.
ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები შესაძლოა 3-5 წელიც გაგრძელდეს.
                                         დიაგნოსტიკა
1-ლი რიგის გამოკვლევები:
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ჰეტეროფილური ანტისხეულები;
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულები (IgM, IgG);
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში
 
სხვა შესაძლო გამოკვლევები:
  • მუცლის ღრუს CT;
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.
                                   გართულებები:
🆘 ინფექციური მონონუკლეოზი იშვიათად რთულდება პარატონზილიტით, ოტიტით, პნევმონიით, ნევრიტით, პლექსიტით, მენინგოენცეფალიტით, პოლირადიკულონევრიტით, მიოკარდიტით და სხვა. იშვიათი, მაგრამ უმძიმესი გართულებაა ელენთის გახეთქვა, რაც მუცლის ძლიერი ტკივილით და შოკით ვლინდება.
                                     მკურნალობა
ინფექციური მონონუკლეოზის პროგნოზი, ჩვეულებრივ, კეთილსაიმედოა, თუმცა აღწერილია ელენთის გახეთქვის და სიკვდილის ერთეული შემთხვევები.
ინფექციური მონონუკლეოზი სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. უმთავრესად ტარდება პათოგენეზური და სიმპტომური თერაპია. დაავადების პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია წოლითი რეჟიმის დაცვა, განსაკუთრებით- გამოხატული სპლენომეგალიის დროს, ასევე- ადვილად მოსანელებელი, ვიტამინებით მდიდარი და მაღალკალორიული საკვებისა და სითხეების მიღება.
პათოგენეზური მკურნალობა გულისხმობს ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას. ზოგჯერ საჭირო ხდება კორტიკოსტეროიდების გამოყენებაც.
 
                                  სიმპტომური თერაპია:
დაავადების მწვავე ფაზაში - პირის ღრუს ანტისეპტიკური ხსნარებით სანაციას;
ცხელების შემთხვევაში - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და აცეტამინოფენის გამოყენებას;
მკვეთრი ინტოქსიკაციის დროს- დეზინტოქსიკაციური ხსნარების ინტრავენურ გადასხმას.
თანმხლები სტრეპტოკოკული ტონზილიტის შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკების გამოყენება.
 
                                  გისურვებთ ჯანმრთელობას !

                                პედიატრი- მაია ხუხუნაიშვილი