ენდოსკოპია ბათუმში
საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ენდოსკოპია საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე, ნაკლებად ინვაზიური მეთოდია. კვლევა ექიმს საშუალებას აძლევს, დეტალურად შეაფასოს ორგანოების შიდა ზედაპირი, საჭიროების შემთხვევაში აიღოს ბიოფსიური მასალა და ჩაატაროს შესაბამისი სამკურნალო ჩარევა.
ენდოსკოპიური კვლევის დროს ღრუ და მილოვანი ორგანოების დათვალიერება სპეციალური ოპტიკური აპარატურის საშუალებით ხდება. მიღებული გამოსახულება ექიმს ეხმარება ლორწოვანი გარსის ანთებითი, წყლულოვანი, პოლიპოზური, სიმსივნური და სხვა სახის ცვლილებების გამოვლენასა და შეფასებაში.
კლინიკის ენდოსკოპიური განყოფილება აღჭურვილია Olympus-ის თანამედროვე ვიდეოენდოსკოპიური სისტემით. აპარატურის NBI - ვიწრო სპექტრის გამოსახულების რეჟიმი - აუმჯობესებს ლორწოვანი გარსისა და სისხლძარღვოვანი სტრუქტურების ვიზუალიზაციას, რაც ხელს უწყობს საეჭვო, წინასიმსივნური და ადრეული სიმსივნური ცვლილებების აღმოჩენასა და ზუსტ შეფასებას.
ჩვენი სერვისები
ექიმის კონსულტაცია
პაციენტის ჩივილების, ანამნეზისა და არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის შეფასება. კონსულტაციის საფუძველზე განისაზღვრება შესაბამისი კვლევა და იგეგმება პროცედურის უსაფრთხოდ ჩატარება.
დიაგნოსტიკური ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - გასტროსკოპია
კვლევის დროს ხდება საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დეტალური დათვალიერება. პროცედურა გამოიყენება ანთებითი, წყლულოვანი, ეროზიული, სიმსივნური და სხვა ცვლილებების გამოსავლენად.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი ციტოლოგიური ან პათომორფოლოგიური კვლევისთვის, ასევე Helicobacter pylori-ის ინფექციის განსაზღვრა.
დიაგნოსტიკური კოლონოსკოპია
ენდოსკოპიური კვლევა მოიცავს სწორი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავისა და წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის დათვალიერებას. კოლონოსკოპია გამოიყენება ანთებითი დაავადებების, წყლულების, სისხლდენის წყაროს, პოლიპების, სიმსივნური და სხვა სახის ცვლილებების გამოსავლენად.
საჭიროების შემთხვევაში კვლევის დროს ხდება ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი მორფოლოგიური შეფასებისთვის.
ბრონქოსკოპია
კვლევა გამოიყენება ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების მდგომარეობის შესაფასებლად. პროცედურა ტარდება აპარატურაში არსებული ციფრული გამოსახულების რეჟიმების გამოყენებით და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია ბიოფსიური მასალის აღებაც.
ბიოფსია
ენდოსკოპიური კვლევის დროს შესაძლებელია საეჭვო უბნიდან მცირე ზომის ქსოვილოვანი ნიმუშის აღება. მიღებული მასალა იგზავნება ციტოლოგიური ან პათომორფოლოგიური კვლევისთვის, რაც ხელს უწყობს აღმოჩენილი ცვლილების ხასიათის დაზუსტებას.
სამკურნალო ენდოსკოპია
პოლიპექტომია
პოლიპის გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური ჩვენებების შესაბამისად, შესაძლებელია მისი ენდოსკოპიური მოცილება გარეგანი განაკვეთის გარეშე. პროცედურა ტარდება გასტროსკოპის ან კოლონოსკოპის საშუალებით, სპეციალური მარყუჟებისა და სხვა ენდოსკოპიური ინსტრუმენტების გამოყენებით.
ადრეული სიმსივნური წარმონაქმნების ენდოსკოპიური მოცილება
შესაბამისად შერჩეულ შემთხვევებში შესაძლებელია ზედაპირული, ადრეული სიმსივნური წარმონაქმნების ენდოსკოპიური მოცილება. ჩარევის მეთოდი განისაზღვრება წარმონაქმნის ზომის, მდებარეობის, სტრუქტურისა და წინასწარი დიაგნოსტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
კლინიკაში დიაგნოსტიკური და სამკურნალო ენდოსკოპიური პროცედურები ტარდება თანამედროვე საერთაშორისო პროტოკოლებისა და კლინიკური ჩვენებების შესაბამისად.
ანესთეზია და პაციენტის კომფორტი
პროცედურასთან დაკავშირებული დისკომფორტის მაქსიმალურად შესამცირებლად ენდოსკოპიური კვლევები ტარდება გაუტკივარებითა და სედაციის - ზედაპირული ძილის - პირობებში. პროცედურის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობას აკონტროლებს მაღალკვალიფიციური ანესთეზიოლოგიური გუნდი.
ანესთეზიის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, თანმხლები დაავადებებისა და დაგეგმილი პროცედურის ტიპის გათვალისწინებით.
ჩვენი მიდგომა
კვლევისა და სამკურნალო ჩარევის მოცულობა ინდივიდუალურად განისაზღვრება პაციენტის ჩივილების, კლინიკური მდგომარეობისა და წინასწარი გამოკვლევების შედეგების საფუძველზე. თანამედროვე ვიდეოენდოსკოპიური აპარატურა და გამოცდილი სამედიცინო გუნდი უზრუნველყოფს კვლევის დეტალურად ჩატარებას, აღმოჩენილი ცვლილებების შეფასებასა და შემდგომი მკურნალობის სწორად დაგეგმვას.
ენდოსკოპიური კვლევის ან კონსულტაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით.
ექიმები ამ მიმართულებაში
დაჯავშნე ვიზიტი
საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დაჯავშნე ვიზიტი
