მწვავე დიარეა ანუ გასტროენტერიტი არის განავლის კონსისტენციის შეცვლა და/ან ევაკუაციის რიცხვის ზრდა, რომელსაც შესაძლებელია ახლდეს ცხელება და ღებინება. მწვავე გასტროენტერიტის დროს განავლის კონსისტენცია უფრო თხელია სითხის მაღალი შემცველობის გამო, ხოლო დეფეკაციის რიცხვი 3 და მეტი 24 საათში, მწვავე დიარეა გრძელდება 7-14 დღე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (ჯანმო), განვითარებად ქვეყნებში დიარეა ძირითადად ინფექციური დაავადებების მიზეზითაა გამოწვეული, რადგან დაახლოებით 2,5 მილიარდ ადამიანს აუცილებელი სანიტარული პირობების დაცვის საშუალებები არ გააჩნია, დაახლოებით 1 მილიარდს კი ხელი არ მიუწვდება უსაფრთხო სასმელ წყალზე.
აღსანიშნავია, რომ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ხუთ წლამდე ასაკში ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ბავშვი იღუპება დიარეის გართულებებით.
წამყვანი ეტიოლოგიური აგენტებია ვირუსები (როტავირუსი და ნოროვირუსი) და ბაქტერიები: (კამპილობაქტერია, სალმონელა, შიგელა). იმუნოკომპრომეტირებულ (იმუნიტეტდაქვეითებულ) ბავშვებში მწვავე დიარეას უხშირესად იწვევენ პარაზიტული აგენტები (კრიპტოსპორიდია და ლამბლია) და ჰელმინთები.
დიარეის დამადასტურებელი კრიტერიუმებია:
- დეფეკაციის გახშირება (3 და მეტი 24 საათში);
- ფეკალიების კონსისტენციის შეცვლა (უფრო თხელი, ვიდრე ჩვეულებრივ);
- სისხლი, ლორწო, ჩირქი განავალში;
- დიარეას ახლავს ღებინება, ცხელება, მუცლის ტკივილი;
- დიარეას ახლავს გაუწყლოების ნიშნები;
კლინიკური ნიშნები და სიმპტომები ანამნეზის შეკრების დროს უნდა შეფასდეს:
- ასაკი;
- დიარეის ხასიათი: დეფეკაციის სიხშირე, განავლის კონსისტენცია, განავალში სისხლის არსებობა;
- დიარეის ხანგრძლივობა;
- თანმხლები სიმპტომები: ღებინება, ცხელება, მუცლის შებერვა და ტკივილი, ტენეზმები;
- მუცლის ყურყური, პერიანალური ერითემა, სწორი ნაწლავის პროლაფსი;
- ჩატარებული მკურნალობა (ანტიბიოტიკებით ან სხვა პრეპარატებით);
- თანაარსებული ინფექცია ან სხვა დაავადება;
- ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში (სეზონი, აფეთქების კერები).
- კლინიკური სურათი:
დიარეის წინმსწრები მორეციდივე ღებინება, წყლისებური განავალი და თანმხლები რესპირაციული სიმპტომები უფრო ვირუსული გენეზის სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა, კლინიკური ნიშნების საფუძველზე ბაქტერიული და ვირუსული დიარეის დიფერენცირება არ არის სწორი. ბაქტერიულ გენეზზე დიდი ალბათობით მიუთითებს:
- მწვავე დასაწყისი + 4 და მეტი დეფეკაცია + ღებინება წინ არ უსწრებს დიარეას;
- ცხელება + სისხლიანი განავალი;
- სისხლიანი განავალი + დეფეკაციის მაღალი სიხშირე (>10);
- ზოგადი მდგომარეობის სიმძიმე (ინტოქსიკაციის მოვლენები, შეუპოვარი ღებინება,
- მუცლის ტკივილი, ოლიგო/ანურია, ნევროლოგიური სიმპტომები, ჰიპოვოლემიური შოკი).
გასტროენტერიტის სიმძიმე დამოკიდებულია და განისაზღვრება დეჰიდრატაციის ხარისხით, ამიტომ გაუწყლოების ხარისხის შეფასება ყველა შემთხვევაში აუცილებელია.
- გაუწყლოების სამი ყველაზე ინფორმატიული კლინიკური ნიშანი:
- კაპილარული ავსების დროის გახანგრძლივება;
- კანის ელასტიკურობა/ტურგორის დაქვეითება;
- რესპირაციული დარღვევები.
ჯანმო-ს (WHO) რეკომენდაციით, დეჰიდრატაციის ხარისხის სწრაფი შეფასება შესაძლებელია ოთხი კლინიკური ნიშნის საფუძველზე:
- მენტალური სტატუსი
- წყურვილის შეგრძნება
- ჩაცვენილი თვალები
- კანის ნაოჭი (ელასტიკურობა)
გამოყოფენ 3 ხარისხის გაუწყლოებას
მძიმე გაუწყლოების ნიშნებია:
- ლეთარგია ან უგონო მდგომარეობა
- უარს აცხადებს სითხის მიღებაზე ან ვერ სვამს სითხეს
- თვალები ჩაცვენილია
- კანის ნაოჭი სწორდება ძალიან ნელა (>2 წმ)
ზომიერი გაუწყლოება, თუ ბავშვს ჩამოთვლილიდან აქვს შემდეგი ნიშნები:
- აგზნება, მოუსვენრობა
- ხარბად სვამს სითხეს
- თვალები ჩაცვენილია
- კანის ნაოჭი სწორდება ნელა (<2წმ)
მსუბუქი გაუწყლოება
- ზემოთ ჩამოთვლილიდან არ არის არც ერთი ან არის მხოლოდ ერთი ნიშანი
დეჰიდრატაციის განვითარების რისკი მაღალია:
- 1 წლამდე ასაკის ბავშვებში (განსაკუთრებით, 6 თვემდე)
- დაბალი წონით დაბადებულ ჩვილებში
- ბავშვებში, 5 და მეტი დიარეული ეპიზოდით წინა 24 საათში
- ბავშვებში, 2 და მეტი ღებინების ეპიზოდით წინა 24 საათში
- ბავშვებში, რომლებიც დიარეის დაწყებამდე არ ან ვერ იღებდნენ დამატებით სითხეებს
- ბავშვებში, რომლებმაც დიარეის დაწყების დროს შეწყვიტეს ძუძუთი კვება
- მალნუტრიციის ნიშნების მქონე ბავშვებში
დიარეის დროს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს
ჰოსპიტალიზაციის ჩვენებები (VbD):
- 3 თვემდე ასაკი
- ჰიპოვოლემიური შოკი
- საშუალო სიმძიმის და მძიმე დეჰიდრატაცია
- ნევროლოგიური დარღვევები (ლეთარგია, კრუნჩხვა)
- შეუპოვარი ღებინება
- მაღალი ცხელება
- ფონური დაავდებები (დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გულის მანკი, მალნუტრიცია)
- დეჰიდრატაციის განვითარების მაღალი რისკი
- არაეფექტური ორალური რეჰიდრატაცია
- ბინაზე ადეკვატური მოვლის, სოციალური და ტრანსპორტირების პრობლემები
- ეჭვი ქირურგიულ პათოლოგიაზე
დიარეის დროს აუცილებელი კვლევის მეთოდებია:
- სისხლის საერთო ანალიზი
- ჰემატოკრიტი
- განავლის საერთო ანალიზი
- სისხლის ელექტროლიტები
- შარდის საერთო ანალიზი
- სისხლის შრატში კრეატინინი, შარდოვანა, გლუკოზა
- განავლის მიკრობიოლოგიური კვლევა
- შესაძლებელია საჭირო იყოს ინფექციონისტის, ქირურგის კონსულტაციები
კვების რეკომენდაციები
რეჰიდრატაციული თერაპიის დროს ექსკლუზიური ძუძუთი კვება შეუფერხებლად გრძელდება. გამართლებულია ძუძუთი კვება უფრო ხშირად და ხანგრძლივად. ყველა სხვა შემთხვევაში, რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არაუგვიანეს 4-6 საათის შემდეგ უნდა გაგრძელდეს კვება
- ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის ფორმულის განზავება და კონცენტრაციის თანდათან მატება არ არის რეკომენდებული
- ულაქტოზო ან ანტიდიარეული ფორმულით ჩანაცვლება არ არის აუცილებელი
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს პაციენტის კვება უნდა გაგრძელდეს ასაკის შესაბამისი საკვებით. იზღუდება უჯრედისის უხვად შემცველი პროდუქტები და ძნელად მოსანელებელი ნახშირწყლების შემცველი სასმელები
- რძის მჟავე პროდუქტები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლინიკურ სიმპტომებს
- ჩვილებსა და ბავშვებში რეკომენდებულია ერთი დამატებითი კვება დიარეული დაავადების დროს და მის შემდეგ, სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში
მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან თვითმკურნალობას შეუძლია ბავშვის მდგომარეობა დაამძიმოს
რეჰიდრატაცია I რიგის სამკურნალო ღონისძიებაა. ბავშვებში დაბალი ოსმოლარობის ორალური სარეჰიდრატაციო მარილი გამოიყენება. თუ ბავშვს შეუძლია სითხის დალევა, ინტრავენური რეჰიდრატაცია არ არის რეკომენდებული. იმ შემთხვევაში, თუ ორალური რეჰიდრატაცია ვერ ხერხდება, ნაჩვენებია ენტერალური რეჰიდრატაცია ნაზოგასტრალური ზონდით.
ინტრავენური რეჰიდრატაციის ჩვენებები:
- ჰიპოვოლემიური შოკი, სავარაუდო ან მოსალოდნელი
- პერსისტიული ღებინება, რის გამოც შეუძლებელია ორალური ან ნაზოგასტრალური რეჰიდრატაცია
არაეფექტური ორალური რეჰიდრატაცია.
- ანტიბიოტიკები არ ინიშნება რუტინულად, რადგან გამომწვევი პათოგენური უმეტესწილად ცნობილი არ არის და თანაც, ბავშვებში დიარეა უხშირესად ვირუსული ეტილოგიისაა
- მკურნალობაში გამოიყენება პრობიოტიკები
- თუთიის პრეპარატები ნაჩვენებია მალნუტრიციის დროს
დიარეის პროფილაქტიკა უმთავრესად გულისხმობს:
- პირადი და განსაკუთრებით ხელის ჰიგიენის გულდასმით დაცვას
- ინფექციური დაავადების მქონე პირთან კონტაქტის დროებით შეწყვეტას
- ხილისა და ბოსტნეულის ხარისხიან გარეცხვას
- მხოლოდ თერმულად დამუშავებული საკვების მიღებას
- უცხო ქვეყანაში ყოფნისას აუდუღარი წყლის, ასევე ნახევრად უმი თევზის ან ხორცის პროდუქტის მიღებისგან თავის შეკავებას
- ოჯახში რამდენიმე ბავშვის არსებობის შემთხვევაში, პერსონალური ჭურჭლით სარგებლობა
მაია ხუხუნაიშვილი – ექიმი პედიატრი