კოქსაკის ვირუსი

2021-12-06

                                     კოქსაკ-ვირუსული ინფექცია

ხელის, ტერფის და პირის დაავადება ბავშვთა ასაკში გავრცელებული  ინფექციაა. ხასიათდება სუბფებრილური ცხელებით, მტკივნეული წყლულებით პირის ღრუში და ვეზიკულებით მტევნებსა და ტერფებზე.

დაავადების ყველაზე ხშირი გამომწვევი - კოქსაკივირუსის ჯგუფის ვირუსებია- კოქსაკი A5, 10 და 16 . ენტეროვირუსი 71 (EV71) ასევე იწვევს ამ დაავადებას, მძიმე ფორმით.

კოქსაკი აშშ-ის ქალაქის სახელწოდებაა, სადაც აღირიცხა პოლიომიელიტისმაგვარი დაავადების ეპიდემია, გამოწვეული იმ დროისთვის უცნობი ვირუსით. მომავალში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო კოქსაკის სახელწოდება. 6 თვემდე ბავშვებს თითქმის არასოდეს ემართებათ კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რაც დედისგან მიღებულ იმუნიტეტს უკავშირდება. დამახასიათებელია ზაფხულ-შემოდგომის სეზონურობა. დაავადება ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს. ამ ინფექციის ერთ-ერთი თავისებურებაა ჯანმრთელი ვირუსმატარებლობა, რაც განაპირობებს სპორადული ფორმების მუდმივ აღმოცენებას და მასობრივ დაავადებებს. ცნობილია ინფექციის გავრცელების ვერტიკალური გზაც, ანუ დედისგან ნაყოფზე გადაცემა.

რეზერვუარი - დაავადებული ან რეკონვალესცენტი ადამიანია

გადაცემის გზები - ვირუსის გადაცემა ხდება ავადმყოფი  ადამიანის  პირის, ცხვირისა და ხახის გამონადენთან, ნერწყვთან, ვეზიკულას სითხესთან ან ფეკალურ მასებთან  პირდაპირი კონტაქტით. ვირუსის გამოყოფას რეკონვალესცენტი განავალთან ერთად განაგრძობს დაახლოებით 1 თვის  განმავლობაში.

ეპიდემიოლოგია - დაავადება ძირითადად გვხვდება  სპორადული შემთხვევების სახით, მაგრამ ფიქსირდება ეპიდაფეთქებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კოქსაკივირუსული ინფექცია განსაკუთრებით გადამდებია. აშშ-ში ეპიდაფეთქებები დაახლოებით ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. შემთხვევები ყველაზე ხშირია <10 წლამდე ბავშვებში, თუმცა, ინფექცია შეიძლება განვითარდეს უფრო მოზრდილ ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებშიც. ხშირია დაავადება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, როგორიცაა ტაივანი და მალაიზია.

კლინიკური ნიშნები: შემთხვევათა უმეტესობაში დამახასიათებელია

  • სუბფებრილური ცხელების უეცარი დაწყება
  • უმადობა
  • ყელის ტკივილი
  • ხველა
  • მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგადი სისუსტე
  • ზოგჯერ ვლინდება ართრალგია (სახსრების ტკივილი).

ეს  პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 3-4 დღეს, ამის შემდეგ პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ჩნდება წყლულები, გამონაყარი ხელისგულებზე, ფეხისგულებსა და დუნდულებზე შეიძლება განვითარდეს 1-2 დღეში. დაავადება შეიძლება ვლინდებოდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნითა და სიმპტომით, ან მხოლოდ რამდენიმე მათგანით. ჩვეულებრივ, პაციენტი სპონტანურად გამოჯანმრთელდება გართულებების გარეშე.

ლაბორატორიული ტესტირება ძირითადად არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს 71 ტიპის ენტეროვირუსთან ექსპოზიციის შესაძლებლობა (EV71). EV71 იწვევს დაავადების მძიმე ფორმას, რომელიც საჭიროებს მეტ კვლევას გართულებების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად. იგი ყველაზე საშიშია იმუნოდეფიციტის მქონე პირებისა (ონკოლოგიური ავადმყოფები, აივინფიცირებულები) და ახალშობილებისთვის.

პირობითად შეიძლება გამოვყოთ ენტეროვირუსებით გამოწვეული დაავადებების ორ ჯგუფი:

I. პოტენციურად მძიმე:

  • სეროზული მენინგიტი;
  • ენცეფალიტი;
  • მწვავე დამბლა;
  • ნეონატალური სეფსისისმაგვარი დაავადება;
  • მიოკარდიტი/პერიკარდიტი;
  • ჰეპატიტი;

ქრონიკული ინფექციები იმუნოდეფიციტურ პირებთან.

 

II. ნაკლებად საშიში:

  • სამდღიანი ცხელება გამონაყარით ან მის გარეშე;
  • ჰერპანგინა;
  • პლევროდინია;
  • ვეზიკულური ფარინგიტი;
  • კონიუნქტივიტი;
  • უვეიტი;
  • გასტროენტერიტი.

კლინიკურ გამოვლინებათა ლომის წილი გაციებისმაგვარ დაავადებებზე მოდის. ენტეროვირუსი მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების ძირითადი გამომწვევია. მისი საინკუბაციო პერიოდი მერყეობს 1-დან 10 დღემდე. დაავადების დასაწყისი, ჩვეულებრივ, მწვავეა.

კატარული (რესპირატორული) ფორმა

ავადმყოფი უჩივის გაჭედილ ცხვირს, სურდოს, იშვიათ მშრალ ხველას, ზოგჯერ - საჭმლის მონელების მსუბუქ დარღვევას. სიმპტომები 7-10 დღეს გასტანს, რის შემდეგაც დაავადების ნიშნები უკვალოდ ქრება.

გასტროენტერული (ნაწლავური) ფორმა

პაციენტები უჩივიან სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილს მუცლის არეში,

ნაწლავთა შებერილობას, კუჭის მოქმედებას თხევადი წყლიანი განავლით დღე-ღამეში 10-ჯერ, ზოგჯერ - ღებინებას. არ არის გამორიცხული მადის დაქვეითება, ტემპერატურის 38 0C-მდე მომატება. მცირეწლოვან ბავშვებთან ამ ფორმას შესაძლოა ახლდეს კატარულიც. 3 წლამდე ასაკის პატარებთან დაავადება 7-14 დღე გრძელდება, 3 წელზე უფროსებთან - 1-3 დღე.

ენტეროვირუსული ცხელება

ინფექციის ეს ფორმა საკმაოდ ხშირია. მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება 2-4 დღით ლოკალური სიმპტომატიკის გარეშე. ინტოქსიკაციის სიმპტომები ზომიერად არის გამოხატული, საერთო მდგომარეობა, ჩვეულებრივ, არ იცვლება. მოსალოდნელია კატარული მოვლენები, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება.

ენტეროვირუსული ეგზანთემა (ბოსტონის ცხელება)

დაავადების პირველ-მეორე დღეს სახის, ტანის, კიდურების კანზე ჩნდება ვარდისფერი, ლაქოვანი და ლაქოვან-პაპულური გამონაყარი, ზოგჯერ - ჰემორაგიული კომპონენტით. 1-2 დღის შემდეგ გამონაყარის ელემენტები უკვალოდ ქრება. კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ ენტეროვირუსული ინფექციის გამოხატულებას წარმოადგენს აგრეთვე ჰერპესული ანგინა, ვეზიკულური ფარინგიტი, კონიუნქტივიტი და ცალკეულ შემთხვევებში - უვეიტი. ზოგჯერ ზიანდება ნერვული სისტემა - ვითარდება მენინგიტი (ცნს-ის ინფექციური დაზიანება ასიდან 70-80 შემთხვევაში ბავშვებთან აღინიშნება), ენცეფალიტი, სახის ნერვის ნევრიტი, პოლირადიკულონევრიტი. ინფექციის იშვიათ ფორმებს მიეკუთვნება ახალშობილთა ენცეფალომიოკარდიტი, მიოკარდიტი, თირკმელების დაზიანება.

მკურნალობა

ტარდება პათოგენეზური და სიმპტომური თერაპია. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადებას მეორეული ინფექცია დაერთო.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკის სპეციფიკური ხერხები არ არსებობს. არასპეციფიკური პროფილაქტიკა გულისხმობს შენობისა და სათავსის დეზინფექციას. ინფექციის კერა ხშირად უნდა დალაგდეს სველი წესით და განიავდეს.

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფმა ხშირად უნდა დაიბანოს ხელები, ისარგებლოს პირადი პირსახოცითა და ჭურჭლით.

 

                                                                    მაია ხუხუნაიშვილი - პედიატრი