გესტაციური დიაბეტი და ორსულობა

2022-01-31

გესტაციური შაქრიანი დიაბეტი

რა არის გესტაციური დიაბეტი?

გესტაციური შაქრიანი დიაბეტი ორსულობის დროს განვითარებული ყველაზე გავრცელებული მეტაბოლური დარღვევაა.

ორსულებთან მიმართებაში ორი ტიპის დიაბეტს ვხვდებით

  • გესტაციურს (ორსულობისას პირველად გამოვლენილი)
  • პრეგესტაციურს (როდესაც ქალს დაორსულებამდეც ჰქონდა  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ან ტიპი 2).

 

გამომწვევი მიზეზები:


უცნობია გესტაციური დიაბეტის გამომწვევი მიზეზი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ჰორმონები, რომელსაც გამოიმუშავებს პლაცენტა ნაყოფის განვითარებისათვის, იწვევენ დედის ორგანიზმში ინსულინის მოქმედების ბლოკირებას, რაც ცნობილია ინსულინრეზისტენტობის სახელით, რომლის დროსაც რთულდება დედის ორგანიზმის მიერ ინსულინის გამოყენება.

გესტაციური დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს აღარ ძალუძს გამოყოს ან გამოიყენოს ორსულობის დროს საჭირო რაოდენობის ინსულინი. რის გარეშეც გლუკოზა ვერ შედის უჯრედებში და არ ხდება მისი, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენება. შედეგად, სისხლში მატულობს შაქრის დონე.

 

გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკ ფაქტორებია:

  • შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;
  • 30 კგ/მ2–ზე მაღალი სხეულის მასის ინდექსი;   
  • სიმსუქნე ბავშვობაში;
  • ორსულის ასაკი (25 წელს გადაცილებული);
  • ანამნეზში მშობიარობა დიდი (4 კგ და მეტი) ნაყოფით;
  • ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა;
  • ანამნეზში მკვდრადშობადობა;
  • ნაყოფის განვითარების მანკი;
  • დედის  წონა დაბადებისას  (4,1კგ და მეტი ან 2,7კგ და ნაკლები);
  • პოლიკისტოზური  საკვერცხეების სინდრომი; 
  • გლუკოკორტიკოიდების  გამოყენება;
  • ქრონიკული  ან  ორსულობით  ინდუცირებული  ჰიპერტენზია.

 

  • გესტაციურ დიაბეტს არ ახასიათებს განსაკუთრებული სიმპტომები, ძირითადად ვლინდება სკრინინგული კვლევების დროს. რეკომენდებულია გესტაციური დიაბეტის უნივერსალური სკრინინგი, რაც გულისხმობს ყველა ორსულის გამოკვლევას. სკრინინგის წარმოების ოპტიმალური ვადა ორსულობის 24-28 კვირაა;
  • ხოლო გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში სკრინინგი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ადრე!!! მეან–გინეკოლოგთან პირველივე ანტენატალური ვიზიტის დროს!!!

ოგორ ხდება გესტაციური დიაბეტის  დიაგნოსტირება?

გამოკვლევა მოიცავს ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტის ჩატარებას: გამოსაკვლევი პირი სვამს წყალში გახსნილ გლუკოზას და ერთი საათის შემდეგ იზომება სისხლში შაქრის დონე. ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება 130-140მგ/დლ-ზე ნაკლები, თუ დაფიქსირდა უფრო მაღალი დონე, ტარდება ტესტის მეორე ეტაპი: მომდევნო დღეს იზომება გლუკოზა უზმოზე, და გლუკოზას ხსნარის დალევიდან ყოველ ერთ საათში სამჯერ. თუ ორ ან მეტ მაჩვენებელში დაფიქსირდა შაქრის ნორმაზე მაღალი რაოდენობა, დასტურდება გესტაციური დიაბეტის დიაგნოზი.

 

  • გესტაციური დიაბეტის მქონე ორსულთა მეთვალყურეობას ახორციელებს 
  • მეან-გინეკოლოგი
  • ენდოკრინოლოგი
  • ოფთალმოლოგი

 

გესტაციური დიაბეტის დროს საფრთხე ექმნება დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.

 დედის მხრივ შესაძლო რისკებს წარმოადგენს:

  • მრავალწყლიანობა (სანაყოფე წყლების სიჭარბე);
  • ჰიპერტენზიით გამოწვეული  გართულებები;
  • რეციდიული შარდ–სასქესო ინფექციური დაავადებები;
  • სამშობიარო ტრავმები;
  • მომავალში შაქრიანი დიაბეტის განვითარება.

 

ნაყოფისმხრივ შესაძლო რისკებს წარმოადგენს:

  • მაკროსომია (დიდი წონის ნაყოფი);
  • ნაყოფის საშვილოსნოშიდა სიკვდილი;
  • სამშობიარო ტრავმა;
  • პოსტნატალური სიკვდილიანობა;
  • შესაძლო გართულებები ბავშვთა და მოზარდობის პერიოდში და სხვა.  

 

მკურნალობის სტრატეგია მოიცავს:

- გლიკემიის ხშირი კონტროლი: ექიმთან ყოველ ვიზიტზე შემოწმების გარდა უნდა მოხდეს სისხლში შაქრის დონის თვითკონტროლი სახლის პირობებში გლუკომეტრის საშუალებით.
სისხლში გლუკოზას კონტროლი უნდა მოხდეს ასევე მშობიარობის დროს ექიმთა გუნდის მიერ, რათა მოხდეს ახალშობილის ჰიპოგლიკემიის პრევენცია.

-ჯანმრთელი კვება: ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ბოსტნეულზე, ხილზე და მთლიანი მარცვლეულის შემცველ პროდუქტზე, ნაკლებკალორიულ და ნაკლებცხიმინ საკვებზე, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ნაჯერი ნახშირწყლების მოხმარება (შაქარი, ცომეული).

-ფიზიკური აქტივობა: ფეხით სეირნობა და ცურვა საუკეთესო ვარიანტებია. გარდა იმისა, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისებას და ზრდის ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას, რის გამოც პანკრეასს ნაკლები დატვირთვა უწევს, მას აგრეთვე აქვს ზოგადი დადებითი ეფექტები ორსულობის თანმხლები არასასიამოვნო შეგრძნებების შემცირების თვალსზრისით, როგორიცაა ზურგის და კუნთების ტკივილი, შეშუპება, ყაბზობა და ძილის დარღვევა.

-მედიკამენტები: თუ დიეტა და ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი შაქრის დონის დასარეგულირებლად, ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, ორალური ტაბლეტის ან ინსულინის სახით.

მშობიარობის შემდგომი მართვა

როგორც წესი, გესტაციური დიაბეტი მშობიარობის შემდეგ განიცდის უკუგანვითარებას. თუმცა, გესტაციური დიაბეტის მქონე ქალები ორსულობის შემდეგ იმყოფებიან შაქრიანი დიაბეტი ტიპის 2-ის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ;  მნიშვნელოვანია მშობიარობის შემდეგ გლიკემიის მონიტორინგი, ჯანმრთელი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა, რაც ამცირებს მომავალში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკებს.

· მშობიარობის  შემდეგ მე-6 კვირიდან მე-12 კვირამდე რეკომენდებულია 75 გრ გლუკოზის 2 საათიანი ორალური ტესტის ჩატარება ან უზმოზე გლუკოზის დონის განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება ყველა იმ ქალისათვის, რომელსაც აღენიშნებოდა გესტაციური დიაბეტი;

· ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში სავალდებულოა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

 

ანამნეზში  გესტაციური დიაბეტის არსებობის დროს, 2-3 ჯერ მატულობს შემდეგ ორსულობაზე მისი კვლავ განვითარების რისკი.შესაბამისად, ორსულობის დაგეგმვისას რეკომენდებულია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რათა შეფასდეს განვითარების რისკები და ქალმა მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.

 

 

                                                                                     თამარ პეშკოვა - ენდოკრინოლოგი / მედიცინის დოქტორი