ცხვირის ძგიდე განლაგებულია ვერტიკალურად, ნესტოებს შორის და ის ცხვირის ღრუს ჰყოფს ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად. უკანა ნაწილი ძვლოვანია, წინა – ხრტილოვანი. ეს მონაკვეთი დაფარულია ლორწოვანი გარსით. ცხვირის ძგიდე თითქმის არასდროს არის იდეალურად თანაბარი და სწორი, არსებობს მისი ბუნებრივი შესქელებები იმ ადგილებში, სადაც ხრტილი გადადის ძვალში.
ცხვირის ძგიდის გამრუდების სიმპტომები:
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება (გაჭედილი ცხვირი). ის შეიძლება იყოს მუდმივი, პერიოდული, ყოველთვის ერთ ნესტოში ან მონაცვლეობით;
- ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი;
- ლორწოვანის გადაღვრა ხახის უკანა კედელზე;
- ყურების დაგუბება;
- პირის სიმშრალე;
- ძილის დარღვევა, ხვრინვა, დღისით დაღლილობა;
- თავის ტკივილი;
- მიდრეკილება გახშირებული მწვავე რესპირატორული ვირურული ინფექციებისადმი;
- სისხლდენა ცხვირიდან (დაკავშირებულია ძლიერ გამრუდებული უბნების წვერზე ლორწოვანი გარსის გათხელებით).
ინკუბაციის პერიოდი
ცხვირის გამრუდებული ძგიდის ქონის შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვობაშივე, შემდეგ კი ზრდასთან ერთად განვითარდეს და თანდათან უფრო გაძლიერდეს (დიდი ხნის წინ არსებული გამრუდებისასაც კი); ეს დაკავშირებულია ცხვირის ლორწოვანი გარსის სარეზერვო შესაძლებლობების გამოფიტვით (რაც ვლინდება მისი შეშუპებით, შესუნთქული ჰაერის ცხვირში გატარების დარღვევის მიზეზით).
ძგიდის გამრუდების ფორმები
გამრუდების ლოკალიზაციის მიხედვით:
- ცხვირის წინა (ხრტილოვან) ნაწილში;
- ცხვირის ძგიდის ქვედა ნაწილში, იქ, სადაც ხრტილი გადადის ზედა ყბის ძვლოვან წანაზარდში;
- ზედმეტად განვითარებული ბორცვი წინა (ხრტილოვანი) ნაწილის უკანა (ძვლოვან) ნაწილში გადასვლის უბანში;
- ზემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე ადგილას.
გამრუდების ფორმიდან გამომდინარე:
- С-ფორმის;
- S-ფორმის;
- ძგიდის თხემი – გამრუდება ერთ მხარეს, ჰორიზონტალური მიმართულებით, ფორმით მოგვაგონებს თხემს; შეიძლება აღწევდეს ცხვირის გვერდით კედლამდე;
- ძგიდის წვეტი – ლოკალური გამრუდება, წვეტის სახით, რომელიც ცხვირის გვერდითი კედლისკენ არის გადახრილი;
- ზემოთ ჩამოთვლილი ტიპების კომბინაციები.
წარმოშობის მიხედვით:
- ცხვირის ძვლოვან-ხრტილოვანი ჩონჩხის არათანაბარი ზრდის შედეგად;
- ცხვირის ტრავმის შედეგად(უფრო ხშირად ასეთი გამრუდებები რთული ფორმისაა, ძგიდის რამდენიმე ნაწილში).
მიზეზები:
- ცხვირის ძვლოვან-ხრტილოვანი ჩონჩხის არათანაბარი ზრდა;
- ცხვირის ან სახის ტრავმა(მოტეხილობა).
ცხვირის ძგიდის გამრუდების მკურნალობა
- ცხვირის ძგიდის გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულად ხდება. ის არ უნდა ჩატარდეს, თუ დათვალიერებისას აღმოჩენილი გამრუდება არ იწვევს არანაირ ჩივილს და გართულებას პაციენტში (ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, ყურების დაგუბება, ხვრინვა, ხშირი სურდო, ხშირი სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების ანთება და სხვა).
- ოპერაცია უნდა ჩატარდეს ზოგადი ნარკოზით, განსაკუთრებით, თუ ძგიდის გამრუდება გვხვდება უკანა ან რამდენიმე ნაწილში, ვინაიდან ამგვარად გარანტირებულია საუკეთესო გაუტკივარება, ნაკლები სტრესი პაციენტისთვის და, შესაბამისად, უფრო გულდასმით ჩატარებული ოპერაცია.
- ცხვირის ძგიდი გასწორების ოპერაციას ეწოდება სეპტოპლასტიკა. ის ტარდება ცხვირის შიგნით, გარედან არანაირი განაკვეთი არ კეთდება, ოპერაციის შემდეგ ცხვირის ფორმა არ იცვლება, სახეზე სილურჯეები არ რჩება. ცხვირის ძგიდის ძირითადი ნაწილი ცხვირში რჩება, მიზნობრივად აცილებენ მხოლოდ გამრუდებულ უბნებს. ზოგჯერ გამრუდებულ უბნებს ასწორებენ სპეციალური ინსტრუმენტით და შემდეგ ისევ თავის ადგილას ათავსებენ. ოპერაციის ამოცანაა – ცხვირის ძგიდის მოთავსება შუა ხაზზე, ვერტიკალურად, მისი საყრდენი ფუნქციის შენარჩუნებით.
- ცხვირის ძგიდის და გარე ცხვირის ფორმის ერთდროულად გასწორებას ეწოდება რინოსეპტოპლასტიკა.
- მნიშვნელოვანი მომენტია – პოსტოპერაციული პერიოდის მართვა. ცხვირში ნაწიბურების (შეხორცებები ლორწოვანი გარსის ახლოს განლაგებულ უბნებს შორის) წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ტარდება ცხვირის გულდასმითი დამუშავება ჯერ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ (გამოწერის შემდეგ) პოლიკლინიკაში.
გართულებები და შედეგები
- გამრუდებული ცხვირის ძგიდე ხელს უშლის ცხვირის გასასვლელებში ჰაერის ნორმალურად გატარებას, შესაბამისად, ყურების და ცხვირის დამატებითი წიაღების ვენტილაციას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტუბოოტიტი (სასმენი მილის ანთება), შუა ოტიტი (შუა ყურის ანთება) მწვავე და ქრონიკული სინუსიტები (ცხვირის დამატებითი წიაღების ანთება). ცხვირის ძგიდის ძლიერი გამრუდებისას, რაც ბლოკავს ცხვირის დამატებითი წიაღების ფისტულებს (ხვრელები, რომლებიც მათ ცხვირის ღრუსთან აერთებს), ყოველი სურდო გადადის სინუსიტში; სურდო ხშირია და დიდხანს გრძელდება.
- ცხვირის ძგიდის გამრუდება ხელს უწყობს ვაზომოტორული რინიტის სიმპტომების პროგრესირებას (ცხვირის ნიჟარების დაავადება, რაც დაკავშირებულია მათში სისხლძარღვების ტონუსის რეგულაციის დარღვევასთან). ეს შესაძლოა გადაიზარდოს ჰიპერტროფულ რინიტში (ცხვირის ნიჟარების შეუქცევადი ზრდა), აგრეთვე – ალერგიულ რინიტში (ალერგენების შესუნთქვით გამოწვეული ანთებითი რეაქცია ცხვირში).
- ცხვირით მუდმივად გაძნელებული სუნთქვა იწვევს მთელი ორგანიზმის ქრონიკულ ჟანგბადის შიმშილს. საწყის ეტაპებზე ის ვლინდება თავის ტკივილით, სწრაფად დაღლით, ყურადღების და მეხსიერების კონცენტრაციის დარღვევით, დროის გავლის შემდეგ კი შესაძლოა განვითარდეს გულის, სისხლძარღვებისა და სხვა ორგანოების დაავადებები.
- ძილში ცხვირით სუნთქვის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარება – ძილში სუნთქვის შეჩერება, რაც ასევე საშიშია გულ-სისხლძარღვთა და სხვა გართულებებისთვის, ჟანგბადის მუდმივი ნაკლებობის გამო. ასეთ პაციენტებს დღის განმავლობაში აქვთ მომეტებული ძილიანობა, რაც უარყოფითად აისახება მათი სამუშაოს ეფექტურობაზე, ეს აგრეთვე ზრდის ავარიების სიხშირეს საწარმოებში, ყოფა-ცხოვრებაში, ავტოტრანსპორტში.
- ხშირი პირით სუნთქვა ხდება ქრონიკული ტონზილიტის (სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება) განვითარების, პირიდან არასასიამოვნო სუნის, ზედა (ხორხი, ტრაქეა) და ქვედა (ბრონქები და ფილტვები) სასუნთქი გზების დაავადებების მიზეზი.
ცხვირის ძგიდის გამრუდების პროფილაქტიკა:
- პროფილაქტიკა ცხვირის ძგიდის გამრუდებისა, რომელიც წარმოიქმნა ჩონჩხის წარმოქმნის პროცესში, არ არსებობს
- ცხვირის ძგიდის ტრავმული მიზეზით წარმოშობილი გამრუდების პროფილაქტიკა – ერიდეთ ცხვირის და სახის ტრავმებს, ატარეთ სპეციალური დამცავი ნიღბები სპორტული აქტივობებისას, განსაკუთრებით ორთაბრძოლისას.
დამატებითი ინფორმაცია
ყველა ადამიანს აღენიშნება ცხვირის ციკლი: ცხვირის ერთი ნახევარი მუშობს უფრო ინტენსიურად, მაშინ, როცა მეორე “ისვენებს“, გარკვეული დროის გავლის შემდეგ ისინი ერთმანეთს ცვლიან. ნორმალურად განლაგებული ცხვირის ძგიდისას და ცხვირში სხვა პათოლოგიების არარსებობისას ადამიანი ამას ვერ ამჩნევს.
გელა ხოზრევანიძე - ოტორინოლარინგოლოგი