ინფექციური მონონუკლეოზი

2022-07-12

ინფექციური მონონუკლეოზი გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, მას ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს, რომელიც ჰერპეს ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და ადამიანიდან ადამიანს გადაედება ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით. არსებობს კონტაქტური და ადიმენტარული გზებიც, ამიტომ ამ დაავადებას ხშირად „კოცნის დაავადაებასაც“ უწოდებენ.

დაინფიცირებიდან 4-8 კვირაში ჩნდება პირველი სიმპტომები: შემცივნება, ოფლიანობა, მოუსვენრობა, თავისა და კუნთების ტკივილი.

 

ეს ნიშნები 1-2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი თავს იჩენს ინფექციური მონონუკლეოზისთვის დამახასიათებელი ტრიადა:

  • ცხელება;
  • ყელის ტკივილი;
  • ლიმფური კვანძების გადიდება.

რომელიც 10-14 დღე გრძელდება, თუმცა შესაძლოა სუბფებრილური ტემპერატურა 1 თვესაც გასტანოს.

მწვავე პერიოდში ხადახან ვლინდება მხოლოდ ერთი რომელიმე სიმპტომი.

 

ბავშვებში დაავადება ზოგადად მსუბუქად მიმდინარეობს და მცირეწლოვან ბავშვებში ხშირად სუბკლინიკურია, თუმცა იშვიათად, მაგრამ გართულებებსაც აქვს ადგილი: ელენთის დაზიანება, ჰეპატიტი, ენცეფალიტი, ანემია და თრომბოციტოპენია.

 

გამოჯანრთელების შემდეგ ვირუსი ორგანიზმს მთლიანად არ ტოვებს. მისი გააქტიურება პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დაავადების რეციდივი იმუნოდეფიციტის შემთხვევაში ვითარდება.

ინფექციური მონონუკლეოზის დიაგნოზი კლინიკური ნიშნებისა და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე დაისმის.

                                                                                                                                                პედიატრი - ნარგიზ სურმანიძე