ადამიანის ორგანიზმში მრავალი მიკროორგანიზმი ბინადროს, ერთ-ერთი მათგანი კი არის დემოდექსის ტკიპა. ყველაზე გავრცელებული პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს ადამიანის სხეულის ზედაპირზე. მისი ზიანის და სარგებლის თანაფარდობა კვლავ განხილვის თემაა.
გარდა იმისა რომ მას აქვს სასარგებლო ფუნქცია: კანის მკვდარი უჯრედების კვებით დაეხმაროს მის გაწმენდას, ამავე დროს მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კანისა და თვალის მრავალი დაავადების განვითარებაში.
ბავშვები დემოდექსს დაბადებიდან მალევე იძენენ მოზრდილებთან კონტაქტის შედეგად და მათი რიცხვი ასაკთან ერთად იზრდება.
ინფიცირებულ ბავშვთა 13 % 3-დან 15 წლამდე ასაკში ძირითადად დემოდექსის ასიმპტომური მატარებელია. 31-50 წლის ასაკში მოზრდილთა 69% ინფიცირებულია , 84%-ია ინფიცირებულთა რაოდენობა 60 წლის ასაკში , ხოლო 100% 70 წლის შემდეგ. პარაზიტი იკვებება ცხიმოვანი ჯირკვლის სეკრეტით, ეპითელური უჯრედებით, სისხლით და სისხლის პლაზმით.
თუ წამწამების თმის ფოლიკულებში ტკიპების რაოდენობა მცირეა, მაშინ დემოდექსის ტკიპა არ იწვევს რაიმე კლინიკურ გამოვლინებას. მისი რაოდენობის ზრდასთან ერთად, ვითარდება ქუთუთოების ანთება-ბლეფარიტი. პაციენტი გრძნობს დისკომფორტს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს მისი ცხოვრების ხარისხი.
დემოდეკოზური ბლეფარიტის სიმპტომები თითქმის ისეთივეა, როგორიც სხვა ბლეფარიტებისა. ესენია: ქუთუთოს კიდეების შესივება, გაწითლება, ქერცლები წამწამების ძირში, ტრიქიაზი (წამწამის არასწორი ზრდა), მადაროზი (წამწამების არარსებობა), უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, თვალების ქავილი, წვა, ცრემლდენა, მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია, ხშირი ჯიბლიბო და ქალაზიონი...
ტკიპა აზიანებს თმის ფოლიკულებს, რაც იწვევს წამწამების ცვენას, მექანიკურად ახშობს ქუთუთოს ჯირკვლებს, იწვევს გრანულომატოზურ რეაქციებს და წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებენ ანთებას.
ასეთი სიმპტომები უარყოფითად მოქმედებს პაციენტებზე და საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას. დემოდექსის განადგურება შეუძლებელია. მკურნალობის მიზანია ანთებითი მოვლენების აღმოფხვრა და დემოდექსის ტკიპების რაოდენობის შემცირება. ლოტილანერის თვალის წვეთები არის ერთადერთი პრეპარატი, რომელიც დამტკიცებულია FDA-ს მიერ დემოდეკოზური ბლეფარიტის სამკურნალოდ.
ბავშვთა ოფთალმოლოგი- ტატიანა ნიკიტჩინა