ენდომეტრიოზი - ის, რაც უნდა იცოდეთ !

2024-07-22

რა არის ენდომეტრიოზი?                                                                                      

ენდომეტრიოზი   არის ქრონიკული  დაავადება, რომლის დროსაც   ენდომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება.,ის იწყება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში და გრძელდება მანამ ,სანამ ქალს აქვს მენსტრუალური ფუნქცია.ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა არსებობს გამომწვევი მიზეზის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია:ენდომეტრიოზის გამომწვევ  ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება რეტროგრადული მენსტრუაცია . ამ მდგომარეობის დროს ენდომეტრიული უჯრედებით სავსე მენსტრუალური სისხლი უკან მიედინება ფალოპიუსის მილების საშუალებით და მცირე მენჯის ღრუში გროვდება, შესაბამისად, ის არ გამოედინება ორგანიზმიდან. ენდომეტრიული უჯრედები ეწებება მენჯის ღრუში განთავსებულ ორგანოებს და მენჯის ღრუს კედლებს. ეს უჯრედები აგრძელებს ზრდას, ამასთან ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს ახალი უჯრედებიც ემატება და წარმონაქმნი თანდათან უფრო მეტად სქელდება.ენდომეტრიოზის  განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა,  მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.ენდომეტრიოზი შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური სისტემის მიერ ენდომეტრიუმის უჯრედების სხეულის სხვა ნაწილებში ტრანსპორტირებამ (ანუ გადატანამ),ენდომეტრიული უჯრედები შეიძლება მიუმაგრდეს პოსტ-ოპერაციულ (მაგალითად, საკეისრო კვეთის მერე) დარჩენილ ნაწიბურს.

განასხვავებენ გენიტალურ  და ექსტრაგენიტალურ ენდომეტრიოზს.

გენიტალური ენდომეტრიოზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს შინაგანიც და გარეგანიც. შინაგანია ენდომეტრიოზის საშვილოსნოსა და მილის ფორმები, გარეგანი — საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის, საშვილოსნოს მრგვალი იოგების, გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის უკან განვითარებული რეტროცერვიკალური ენდომეტროზი. ხშირად შინაგანი ენდომეტრიოზი გარეგანის რომელიმე ფორმასთან არის შერწყმული.

ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზი ყველაზე ხშირად ლოკოლიზდება მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში, ჭიპში და სხვა. შესაძლოა, ორგანიზმში ერთდროულად არსებობდეს დაავადების რამდენიმე კერა, რომლებიც მენსტრუაციული ციკლის შესაბამის ციკლურ ცვლილებებს განიცდის.

რომელი სიმპტომები მიანიშნებს ენდომეტრიოზის შესახებ?

  • დაავადების მთავარი ნიშანია მტკივნეული მენსტრუაცია
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • ტკივილი ნაწლავის მოქმედებისა და შარდვის დროს
  • გაძლიერებული   მენსტრუალური სისხლდენა და ასევე სისხლდენა მენსტრუაციის შუა პერიოდში.
  • უშვილობა
  • ენდომეტრიოზის გამო, ქალები მენსტრუაციის პერიოდში ასევე ხშირად უჩივიან დაღლილობას, დიარეას, ყაბზობას, მუცლის შებერილობას, გულისრევის შეგრძნებას.

 ენდომეტრიოზზე მოქმედი ფაქტორები  ორ ჯგუფად იყოფა.

1. ფაქტორები, რომლებიც ზრდის დაავადების რისკს:

  •  მემკვიდრეობითი განწყობა;
  • ესტროგენების სიჭარბე;
  • ასაკი (35 წლიდან);
  • მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შემცირება;
  • მენსტრუალური ციკლის დროს გამონადენის მოცულობის შეცვლა;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის ვისცერული ტიპით;
  •  ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება (ბოლო ხანს გამოითქვა აზრი, რომ გარემოს დიოქსინით დაბინძურება გავლენას ახდენს ენდომეტრიოზით ავადობის მაჩვენებელზე. ცნობილია, რომ დაავადება უფრო ხშირად ემართებათ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს).

 2.   ფაქტორები, რომელიც ამცირებს ენდომეტრიოზის განვითარების რისკს:

  • ჰორმონული კონტრაცეპტივები;
  •  საშოსშიდა სპირალი.

 

ენდომეტრიოზის  სრულყოფილი  დიაგნოსტირებისათვის  ოქროს სტანდარტს წარმოადგენს  ლაპარასკოპია, ასევე უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ენდომეტრიოზის   მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტურად, ქირურგიულად და კომბინირებულად. მკურნალობის მეთოდი ირჩევა დაავადების სიმძიმის ხარისხისა და პაციენტის რეპროდუქციული ფუნქციის (შვილოსნობის) შეფასების მიხედვით.

ენდომეტრიოზით განპირობებული ტკივილის დროს თავდაპირველად რეკომენდებულია მედიკამენტური მკურნალობა. მედიკამენტური თერაპიისთვის გამოიყენება კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, გესტაგენები, GNRH აგონისტები, ანტიპროგესტაგენები, ანტიესტროგენები, არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშ-ბი.

თუ მედიკამენტური მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა  მივმართავთ მკურნალობის ოქროს სტანდარტს – ლაპაროსკოპიას, რომლის დროსაც ხდება ექტოპიურ–ენდომეტრიული ჰეტეროტოპიების ამოკვეთა (ექსციზიო) ან მათი დესტრუქცია (აბლაცია).

გართულებები

სამწუხაროდ, ენდომეტრიოზს მრავალნაირი გართულება ახასიათებს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა მცირე მენჯის ღრუში შეხორცებების წარმოქმნა, რაც მუცლის ღრუს შესაბამისი ორგანოს ფუნქციის შეზღუდვას იწვევს. ხშირად ენდომეტრიოზი ბლოკავს ფალოპიუსის მილებს და ამ გზით აფერხებს კვერცხიჯრედის მიღწევას სპერმატოზოიდამდე, რაც უნაყოფობას განაპირობებს.
 

ენდომეტრიოზის თავიდან ასაცილებლად უპირველეს ყოვლისა, ენდომეტრიუმის ნაწილების საშვილოსნოს ღრუდან სასქესო ორგანოების სხვა ნაწილებში მოხვედრა უნდა შეფერხდეს. ამიტომ ენდომეტრიოზის პროფილაქტიკის  ღონისძიებებს წარმოადგენს:ბრძოლა აბორტთან, საშვილოსნოსშიდა ჩარევის მკაცრი ჩვენებებით ჩატარება, საშვილოსნოს ანომალიების დროული  დიაგნოსტირება და მკურნალობა.

                                                                                       გინეკოლოგი - ნანა გორგილაძე