კოლპოსკოპიური კვლევის აუცილებლობა

2024-09-20

კოლპოსკოპია – საშოსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევაა, რომლისთვისაც გამოიყენება სპეციალური მიკროსკოპი – კოლპოსკოპი. კოლპოსკოპი ენდოსკოპიური ინსტრუმენტია, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს  ახლოდან დაათვალიეროს საშვილოსნოს ყელი და გამოავლინოს არსებული პათოლოგიები.

პირველი კოლპოსკოპი შექმნა ჰამბურგელმა გინეკოლოგმა და მკვლევარმა ჰანს ჰინსელმანმა 1924 წლის დეკემბერში. ის ფიქრობდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო იწყება ეპითელიუმის ზედაპირზე პატარა კვანძის სახით, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. მან არამარტო დახვეწა კოლპოსკოპი, არამედ ჩაატარა მრავალი ექსპერიმენტი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით, რათა საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის და მისი დაზიანების უკეთესი ვიზუალიზაციისთვის მიეღწია. 

- რა დაავადებებისა და პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს კოლპოსკოპიური კვლევა?

კოლკოსკოპიის მეშვეობით შეიძლება გამოვლენილი იქნას შემდგომი პათოლოგიები:

  • გენიტალური კონდილომები;
  • საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესი;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა;
  • საშოს კიბოსწინარე მდგომარეობა;
  • ვულივის კიბოსწინარე დაავადებები.
  • კერატოზი(ლეიკოპლაკია),ეროზია, ატროფია, პოლიპები.

 

 

რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის დაგეგმვამდე?

 კოლპოსკოპიის პროცედურის დაგეგმვამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

პროცედურა ვერ გაკეთდება მენსტრუაციის პერიოდში;

თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან პროცედურამდე 1-2 დღით ადრე;

არ გამოიყენოთ ტამპონი პროცედურის დღეს;

არ გამოიყენოთ ვაგინალური მედიკამენტები პროცედურამდე.

 

- როდისაა რეკომენდებული კოლპოსკოპიის ჩატარება?

კოლპოსკოპიის ჩატარება რეკომენდირებულია:

საშოდან სისხლიანი გამონადენის დროს, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ტკივილის და სქესობრივი აქტის დროს სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში. მუცლის ქვედა არეში ყრუ ტკივილის დროს.საშოდან გამონადენისა და ქავილის დროს. ციტოლოგიური და HPV დნმ  კვლევის შედეგებიდან გამომდინარე.


 

 

- რა მნიშვნელობა აქვს კოლპოსკოპიას წარმატებული მკურნალობისთვის?

ზოგიერთი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მაშინ, როცა სიმპტომი ჩნდება, ჩარევა ხშირად უკვე დაგვიანებულია. განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კიბოსწინარე ფონური დაავადებები, არიან პაპილომავირუსის მაღალი ონკოგენური ტიპების მტარებლები ( 16,18, 31,33, 35,39, 45, 51, 52, 56, 58, 59,60, 68) აუცილებელია   ჩატარდეს კოლპოსკოპიური კვლევა,  რათა დროულად შეფასდეს საშვილოსნოს ყელის, საშოს ეპითელიუმი და პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში  დაისახოს შესაბამისი  სამოქმედო გემა.

 

  •  თუ კოლპოსკოპიურად დადგინდა პათოლოგია, მკურნალობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ექიმი იღებს მცირე ქსოვილის ფრაგმენტს პათოლოგიური უბნიდან (დამიზნებითი ბიოფსია). მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება მასალის მორფოლოგიური შესწავლის შედეგების მიხედვით.


                                                                                                                ნათია ველიაძე - გინეკოლოგი