საკვები პროდუქტები, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს

2025-01-29

საკვები პროდუქტები, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს

ზამთრის სეზონზე,  ზემო სასუნთქი გზების დაავადებების, როგორიცაა გაციება და გრიპი, შემთხვევები მატულობს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დიდი ხნით ყოფნის გამო, ინფექციების გავრცელების თავიდან აცილება სრულად ვერ ხერხდება, თუმცა, შესაძლებელია მინიმუმამდე დავიდეს რისკი იმუნური სისტემის გაძლიერებით, რომელიც გვიცავს მიკროორგანიზმების (ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები) მავნე ზემოქმედებისგან. ამისთვის აუცილებელია მუდმივად დავამატოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი საკვები ჩვენს რაციონში.

გთავაზობთ იმ პროდუქტებს, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს იმუნურ სისტემას:

1. ფორთოხალი

ვიტამინები C და A ანტიოქსიდანტურ ვიტამინებს მიეკუთვნება და უჯრედების დამცველ ფუნქციას ასრულებენ ორგანიზმში. ფორთოხალი, რომელიც ვიტამინ C-სა და A-ს შეიცავს, ზამთარში იმუნური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამხმარეა. მას  არ ახასიათებს სისხლში შაქრის სწრაფი ზრდის ეფექტი. თუ რეფლუქსის პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ დღეში 2 ფორთოხალი მიირთვათ. თუმცა, უპირატესობა მიანიჭეთ თავად ფორთოხალს და არა ფორთოხლის წვენს, რადგან ეს უფრო ჯანმრთელი არჩევანია ბოჭკოსა და შაქრის მოხმარების თვალსაზრისით.

2. ისპანახი

ისპანახი ვიტამინ A-სა და C-ს შემცველობით ძლიერი ანტიოქსიდანტების ჯგუფშია. ეს ვიტამინები უჯრედებს იცავს და იმუნური სისტემის დასუსტებას უშლის ხელს. განსაკუთრებით ვიტამინი C ვიტამინ A-ს გამოყენებას აძლიერებს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელია ისპანახის მიღება კვირაში ორჯერ. თუმცა, ვიტამინ A-ს მაქსიმალური ეფექტისთვის ისპანახი არ მოხარშოთ, არამედ მოამზადეთ მცენარეული კერძი ზეთის დამატებით, რადგან ზეთი აუცილებელია ვიტამინ A-ს ათვისებისთვის.

3. თევზი

თევზი კარგი ცილის წყაროა და შეიცავს სელენსა და თუთიას. სელენი ხელს უშლის უჯრედების დაბერებას და იცავს გულის ჯანმრთელობას. თუთია ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების დაცვაში. თევზი განსაკუთრებით მდიდარია ომეგა 3-ით, რომელიც ორგანიზმში თავად ვერ წარმოქმნება  და ამიტომ აუცილებელია მისი საკვებით მიღება. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფაქტობრივად  ერთადერთ სრულფასოვან წყაროს ზღვის პროდუქტები წარმოადგენენ,განსაკუთრებით მდიდარია ომეგა- 3-ით ორაგული, სკუმბრია და თინუსი. რეკომენდებულია თევზის მიღება  კვირაში 2-3-ჯერ. 

4. ოხრახუში

ოხრახუში ვიტამინ C-ს მდიდარი წყაროა, რომელიც ასკორბინის მჟავადაც არის ცნობილი და ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. ვიტამინი C ასევე ამცირებს ორგანიზმში ზოგიერთი ტოქსიკური ელემენტის ზემოქმედებას და ეფექტურია ჭრილობების შეხორცებაში. იქნება ეს ოხრახუშის წვენის სახით, სალათებში თუ საუზმეზე, აუცილებლად დაამატეთ იგი თქვენს რაციონში იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

5. კვერცხი

იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო უჯრედების გამრავლებისა და განახლებისთვის აუცილებელია ცილა. ცილის არასაკმარისი მოხმარებისას იწყება ქსოვილების დესტრუქცია და იმუნური სისტემის დასუსტება. კვერცხის ცილა ცილის ძალიან მდიდარი წყაროა. კვერცხის გულში  შემავალი რკინა და ვიტამინ A ასევე კარგი ანტიოქსიდანტებია. კვერცხი შეგიძლიათ მიირთვათ კვირაში 4-ჯერ.

6. ნუში და კაკალი

ნუში და კაკალი შეიცავს ვიტამინ E-ს, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ეს თვისებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის დაცვაში. ნოყიერი თვისებებით გამოირჩევა და ხშირად გამოიყენება დიეტებში. მათში შემავალი თუთია, ანტიოქსიდანტია და ჭრილობების შეხორცებაში საკმაოდ  ეფექტურია,  დღეში 2 მთლიანი კაკლის ან 10 უმი ნუშის მიღება სასარგებლოა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

7. იოგურტი

იოგურტი შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ბაქტერიებია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის. პრობიოტიკები იცავენ ჩვენს სხეულს, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ სისტემას, გარედან შემოსული მიკრობებისგან. ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების ზრდა ხელს უშლის მავნე ბაქტერიების დასახლებას. პრობიოტიკები ასევე ეფექტურია ისეთი პრობლემების დროს,  როგორიცაა ყაბზობა და დიარეა. ყოველდღიურად უნდა მიირთვათ ერთი ჭიქა იოგურტი.