გაზაფხული და ჰიპოვიტამინოზი

გაზაფხულის დაწყებასთან ერთად ბავშვებში ხშირად თავს იჩენს ჰიპოვიტამინოზი. ასეთ დროს ორგანიზმში აღინიშნება 1 ან რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობა. ჰიპოვიტამინოზის უფრო მძიმე მდგომარეობა ავიტამინოზია, როცა ორგანიზმში ვიტამინების რაოდენობა იმდენად მკვეთრადაა შემცირებული, რომ ამის გამო სხვადასხვა დაავადება ვითარდება. იგი უმეტესწილად გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე დაავადებებით ან არაჯანსაღი კვებით.
ძირითადად ჰიპოვიტამინოზი გარდატეხის ასაკამდე ბავშვებშია გავრცელებული . თუმცა გაზაფხულზე თითქმის ყველას ორგანიზმში შეიმჩნევა ვიტამინების ნაკლებობა , რადგან ამ პერიოდში ჯერ არ არის შემოსული ახალი ხილ - ბოსტნეული .
- ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობას ძირითადად იწვევს ისეთი კვების რაციონი, რომელიც არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს. შესაძლოა საკვები პროდუქტი იყოს არასწორად დამუშავებული და ამის გამო უჭირდეს კუჭ-ნაწლავს მისი ათვისება. ხშირად საკვები პროდუქტები არასასურველი სასუქებითა და ემულგატორებით არის გამდიდრებული, ასევე დარღვეულია მათი შენახვის პირობები (მაგალითად, ხორცი რამდენჯერმეა გაყინული და გამლღვალი). ესეც ამცირებს მასში ვიტამინების რაოდენობას.
- გარდა ამისა, ვიტამინების ნაკლებობის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული პათოლოგიები, რის გამოც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ იწოვს ვიტამინების საჭირო რაოდენობას. ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ ორგანიზმში ფერმენტული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა – თუ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება დარღვეულია, ეს დიზბაქტერიოზია.
☑ არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელთა მეშვეობითაც თავად შეგვიძლია განვსაზღვროთ ვიტამინების კონკრეტული ჯგუფის ნაკლებობა. მაგალითად:
Aვიტამინის ნაკლებობის დროს მხედველობა უარესდება, კანი იქერცლება, თმა და ფრჩხილები კი მსხვრევადი ხდება;
Bჯგუფის ვიტამინების ნაკლებობისას ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები იჩენს თავს;
Cვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს გათხელებული კაპილარები, სისხლჩაქცევების წარმოქმნისადმი მიდრეკილება, დაბალი ჰემოგლობინი;
Dვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობაზე ბავშვებში მიუთითებს რაქიტის გამოვლინება. ასეთ დროს აუცილებელია ბავშვი ვასეირნოთ მზეზე, რადგან მზეზე ხდება D ვიტამინის სინთეზი კანში და ამის შედეგად ძლიერდება კალციუმის შეთვისება. კალციუმის ნაკლებობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ხშირი ოფლიანობაც.
გადაჭრის გზები :
- იკვებეთ მრავალფეროვანი და ბალანსირებული რაციონით მიირთვით მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული – მთელი წლის განმავლობაში:
- შეეცადეთ თავი აარიდოთ სწრაფი კვების ობიექტებს, ნუ მიეძალებით ტკბილეულს, რაფინირებულ პროდუქტებს, ალკოჰოლს, მოწევას;
- იზრუნეთ პროდუქტების სწორად შენახვაზე;
- თავი აარიდეთ საკვების ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას.
