ალერგიული დაავადებები ბავშვთა ასაკში

ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ალერგენის ან ალერგენთა ჯგუფის მიმართ.
XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში ალერგიის პრობლემამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ალერგია თანამედროვე საზოგადოების დაავადებას წარმოადგენს, რომელსაც აქვს კატასტროფულად მზარდი ტემპი და ავლენს მიმდინარეობის დამძიმების ტენდენციას.
ალერგიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- გარემოს დაბინძურება;
- რადიაციული ფონის მომატება;
- ცხოვრების თანამედროვე, მეტად სტრესული სტილი;
- თანამედროვე კვების თავისებურებანი- გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების ჩათვლით;
- ყოფა-ცხოვრებაში ქიმიური ნივთიერებების მოჭარბება;
- მედიკამენტების უკონტროლო გამოყენება და სხვა.
ალერგია ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა ოჯახის რომელიმე წევრს ალერგიის ესა თუ ის გამოვლინება აღენიშნება. ამავე დროს, სრულებითაც არ არის სავალდებულო, ალერგიული მშობლების შვილი აუცილებლად ალერგიული დაავადებით დაავადდეს. შესაძლებელია, ალერგიამ “გამოტოვოს” რომელიმე თაობა და შემდგომში იჩინოს თავი.
ძლიერი კვებითი ალერგენებია: რძე, კვერცხი, თხილი, არაქისი, ნიგოზი, თევზი, სტაფილო, ციტრუსები, თაფლი.
რეკომენდებულია, ორსული, მით უმეტეს – ალერგიისადმი გენეტიკურად განწყობილი, ერიდოს ამ პროდუქტების ჭარბად მიღებას. ასევე თავი არიდოს ისეთ ჰისტამინოლიბერატორებს (ალერგიის მედიატორის ჰისტამინის გამოთავისუფლების ხელშემწყობ ნივთიერებებს), როგორიც არის შოკოლადი, კაკაო, ყავა. სასურველია ცხარე, მწარე, მლაშე და მეტისმეტად ტკბილი საკვების გამორიცხვა.
ალერგოდერმატიტი
- ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით ხშირია კანის ალერგოდერმატიტი, რისი მიზეზიც უმეტესად საკვებია.
- ალერგიზაციას ხელ უწყობს კონსერვანტებითა და საღებავი ნივთიერებებით გაჯერებული სურსათი და ტკბილეული, ასევე – კონცენტრატებისგან დამზადებული ტკბილი სასმელი.
- დაზიანება ვლინდება: ინტენსიური ქავილით, პაპულოზური გამონაყრით, ლიქენიფიკაციით.
მწვავე ალერგიული მდგომარეობები
- სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველ მესამე კაცს ესა თუ ის ალერგიული რეაქცია აღენიშნება.
- ბოლო 30 წლის განმავლობაში ალერგიული დაავადებების სიხშირე ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ორმაგდება.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ვარაუდობენ, ევროპის მოსახლეობის ნახევარს ალერგიის ესა თუ ის ფორმა აქვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციებით მიმდინარე დაავადებების მწვავე გამოვლინებები. მაგალითად: ბრონქული ასთმის შეტევა, ლარინგოსპაზმი, პოლინოზი, ტოპიური ეგზემის მძიმე მანიფესტაციები, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი და სხვები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
