პოსტკოვიდური სინდრომი ბავშვებში

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ-19 დაახლოებით 30 000 ბავშვმა გადაიტანა.
ბავშვებში კოვიდინფექცია, მოზრდილებისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, შესაძლოა უსიმპტომოდაც ჩაიაროს, თუმცა, ვირუსმა ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ვერაგი გართულება - მულტისისტემური ინფლამატორული (ანთებითი) სინდრომი.
პოსტკოვიდური სინდრომი დაავადების გადატანიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ვლინდება.
არსებობს საერთაშორისო პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია MIS-C სინდრომის დროული ამოცნობა და სათანადო მკურნალობის დაწყება.
2020 წლის აპრილში, ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, ბავშვთა საავადმყოფოში პირველად აღწერეს მულტისისტემური ჰიპერინფლამაციური სინდრომი. ბავშვებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ აღენიშნებოდათ სიმპტომები:
- გახანგრძლივებული ცხელება,
- საერთო სისუსტე,
- ადვილად დაღლილობა,
- კანზე მულტიფორმული გამონაყარი,
- დიარეა,
- ღებინება,
- თავისა და მუცლის ტკივილი,
- გულის რითმის დარღვევები და არტერიული ჰიპოტონია,
- კიდურების შეშუპება,
- კონიუნქტივიტი,
- სისხლძარღვების კედლების ანთების ნიშნები,(ცივი და ჭრელი კიდურები),
- გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით- სასუნთქი გზების შუა და ქვედა ზონების ობსტრუქციის სურათი,
- ტოქსიკური შოკის კლინიკა.
კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, ეს ბავშვები საჭიროებენ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, დროული სამედიცინო დახმარებისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
